ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები

ქართულ ოცნებაში საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების უმრავლესობიდან 12 დეპუტატის გასვლისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შემდეგ, მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა დაიკავოს ვაკანტური პოსტები. 

ამ დროისთვის 3 კომიტეტის თავმჯდომარისა და ერთი ვიცესპიკერის თანამდებობაა ვაკანტური. 

ქართულ ოცნების დეპუტატი გიორგი კახიანი გუნდის შიგნით მიმდინარე კონსულტაციებს ადასტურებს და ამბობს, რომ სხვადასხვა კომიტეტისა, თუ მომავალი ვიცესპიკერის ვინაობა მალე გახდება ცნობილი. 

"ახლა ბუნებრივია, კონკრეტულს ვერაფერს ვერ გეტყვით,"- ამბობს კახიანი. 

გუნდის შიგნით კონსულტაციებს ადასტურებს ირაკლი ბერაიაც, თუმცა კახიანის მსგავსად, არც ის ამბობს, თუ ვინ არიან სავარაუდო კანდიდატები. 

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, უმრავლესობა ჯამში 12 დეპუტატმა დატოვა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ვიცესპიკერის თანამდებობას იკავებდა, ასევე თამარ ხულორდავამ, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, სოფიო ქაცარავამ, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და მარიამ ჯაშმა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 

ამ დროისთვის ყველა ეს საპარლამენტო თანამდებობა ვაკანტურია. 

კომენტარები