ვაჟა გაფრინდაშვილი

აკაკი ზოიძე: ექიმები მზად ვართ, ვაჟა გაფრინდაშვილს ჩავენაცვლოთ

ტაბულა

​ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზოიძე აღნიშნავს, ექიმის გასათავისუფლებად ყველანაირი არხებით ხდება ზეწოლა. 

"ვაჟა გაფრინდაშვილი თავისი პატრიოტიზმის გამო არის მძევლად აყვანილი. ექიმების ინიციატივაა, რომ მის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც მინდა, შევუერთდე ამ ინიციატივას და პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც. მეც, ერთი პირი წავალ, თუ ასეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის ისეთი ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს, მაშინ ჩვენ დღეს ყველა ვართ ვაჟა გაფრინდაშვილი, ვართ მძევალი სეპარატისტული რეჟიმის. როგორც ჩანს მათთვის საკმარისი არ არის ის ოპერაციები, რაც ექიმის სამშობლოში დასაბრუნებლად ტარდება, ამიტომ ჩვენ, ექიმები, მზად ვართ ჩავანაცვლოთ" - ამბობს ზოიძე. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 11 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საქართველოს სამხედრო- სამედიცინო დანაყოფის კაპიტანია და 2008 წლის მოვლენებშიც მონაწილეობდა.

კომენტარები