18 ნოემბრის აქციის დაშლა

მოწმე პოლიციელს დაკავებისას ავარია არ ახსოვს, ბიძინაშვილის ვარაუდით, მას არ დაუკავებია

ტაბულა

​თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება.

თავდაპირველად, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი 6 ადამიანის საქმეს განიხილავს. ესენი არიან: გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე, პაატა სოსანაშვილი.

სხდომაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა მოწმე პოლიციელს ჰკითხა, მაშინ, როცა ის განყოფილებაში გადაჰყავდათ, რამე ინციდენტი ხომ არ მომხდარა. პოლიციელმა ასეთი ვერ გაიხსენა, ბიძინაშვილმა კი განმარტა, რომ მანქანას, რომელშიც ის იჯდა, ტაქსი დაეჯახა და პოლიციელს ეს იმიტომ არ ახსოვს, რომ სავარაუდოდ მას არ დაუკავებია.

გარდა ამისა, მოწმე პოლიციელები ვერ ასახელებენ რამდენი მეტრი იყო მათსა და აქციის იმ მონაწილეებს შორის, რომელთა გინებაც, მათი თქმით, გაიგეს და შემდეგ დააკავეს. პოლიციელი ასევე ვერ პასუხობს გიორგი მშვენიერაძის კითხვას, დაახლოებით რა მანძილია მასსა და მოსამართლეს შორის.

პოლიციელი, რომელმაც ირაკლი კაჭარავა დააკავა, ამბობს, რომ ის განყოფილებაში შკოდას მარკის ავტომობილით გადაიყვანა, თუმცა კაჭარავას თქმით, მანქანა მიცუბიში იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ნოემბერს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავდა. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. მოსამართლემ თავდაპირველად სხდომები მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო, გვიან ღამით კი ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და განხილვა დღეისთვის, 20 ნოემბრისთვის ჩანიშნა. 4 პროცესი ნახევარ საათიანი შუალედით არის დაგეგმილი, სადაც ერთდოულად რამდენიმე ადამიანის საქმეზე იქნება განხილვა. კიდევ 13 დაკავებულის საკითხის განხილვა კი მოსამართლე ფილიშვილმა 5-წუთიანი შუალედებით ჩანიშნა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები