ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა [Video]

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა მეუღლესთან ერთად საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვიდეო ჩაწერა. ვიდეოს საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს:

"მე ტოომას ჰენდრიკ ილვესი ვარ და მე მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი, ექიმი, რომელიც ასრულებდა მისი, როგორც ექიმის მიერ დადებულ ფიცს და აღმოუჩენდა სამედიცინო დახმარებას იმ ხალხს, ვინც დღეს ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ადეკვატური სამედიცინო მომსახურება არ არსებობს. გაათავისუფლეთ გაფრინდაშვილი." ამბობს ილვესი.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინადაშვილის დაკავებას ესტონეთი გამოეხმაურა და დეფაქტო მაღალჩინოსნებს მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს:

"სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო მაღალჩინოსნებს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ესტონეთი სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

საქართველოში აშშ-ის საელჩომ საოკუპაციო ძალებს მოუწოდა, რომ დაუყონებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 10 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საქართველოს სამხედრო- სამედიცინო დანაყოფის კაპიტანია და 2008 წლის მოვლენებშიც მონაწილეობდა.

კომენტარები