ევროპის პარლამენტი

S&D Group: მოვუწოდებთ ყველა პარტიას შეასრულონ ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირება

Twitter

ევროპის პარლამენტის სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსი და მათი ვიცე პრეზიდენტი, ევროპის პარლამენტის წევრი კატი პირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან და მთავრობას მოუწოდებენ შეასრულოს ქართველი ხალხისათვის მიცემული პირობა:

"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში მოვლენების ბოლო განვითარებით. საარჩევნო რეფორმა, რომელიც ქართული ოცნების პარტიამ წამოიწყო ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მოველით, რომ ყველა პარტია შეასრულებს ქართველი ხალხისათვის მიცემულ ამ პირობას." დაწერეს მათ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას მხარი დაუჭირეს და მთავრობას იპოვეთ მისაღები გზის გადაუდებლად გამონახვისაკენ მოუწოდეს.

პროტესტი პარლამენტის წინ მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. თითქმის ერთი კვირაა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში. კვირას გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ გაათენა. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და 18 ნოემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, აიღო კარვები, თუმცა, ამის მიუხედავად, 18 ნოემბრის საღამოს აქცია მაინც გაიმართა.

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ.

კომენტარები