18 ნოემბრის აქციის დაშლა

მოსამართლემ ნადირაძე და ბიძინაშვილი მათივე საქმის განხილვიდან გააძევა

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ირაკლი ნადირაძე და დიმიტრი ბიძინაშვილი მათივე საქმის განხილვიდან გააძევა.

ამის მიზეზად მან შემაჯამებელი სიტყვის წარმოთქმის დროს მათ მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაასახელა. ისინი საქართველოში ოლიგარქიის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. ამ ეტაპზე, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი 6 ადამიანის საქმეს განიხილავს. ესენი არიან: გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე, პაატა სოსანაშვილი. ისინი დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ნოემბერს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავდა. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. მოსამართლემ თავდაპირველად სხდომები მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო, გვიან ღამით კი ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და განხილვა დღეისთვის, 20 ნოემბრისთვის ჩანიშნა. 4 პროცესი ნახევარ საათიანი შუალედით არის დაგეგმილი, სადაც ერთდოულად რამდენიმე ადამიანის საქმეზე იქნება განხილვა. კიდევ 13 დაკავებულის საკითხის განხილვა კი მოსამართლე ფილიშვილმა 5-წუთიანი შუალედებით ჩანიშნა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები