18 ნოემბრის აქციის დაშლა

აქციაზე დაკავებულთა ნაწილის საქმეებზე გადაწყვეტილება 18:00 საათზე გამოცხადდება

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძის და პაატა სოსანაშვილის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა დაასრულა.

​თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებული 6 მოქალაქის ადმინისტრაციულ საქმეებზე გადაწყვეტილება დღეს, 18:00 საათზე გამოცხადდება.

სავარაუდოდ, მალევე დაიწყება კიდევ 6 ადამიანის: ზუკა ბერძენიშვილის, ბექა ბასილაიას, გიორგი ბუნტურის, გურამ მჭედლიშვილის, ელგუჯა ბაგრატიონის და ლუკა ჭიჭინაძის საქმეების განხილვა. პროცესი 13:00 საათზე იყო ჩანიშნული.

დღეს იგეგმება აქციის დროს დაკავებული სხვა მოქალაქეების ადმინისტრაციული საქმეების განხილვაც. პირველი 4 პროცესი ნახევარ საათიანი შუალედით არის დაგეგმილი, სადაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანის საქმეზე იქნება განხილვა. კიდევ 13 დაკავებულის საკითხის განხილვა კი მოსამართლე ფილიშვილმა 5-წუთიანი შუალედებით ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ნოემბერს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავდა. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. მოსამართლემ თავდაპირველად სხდომები მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო, გვიან ღამით კი ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და განხილვა დღეისთვის, 20 ნოემბრისთვის ჩანიშნა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები