ვაჟა გაფრინდაშვილი

ზალკალიანი გაფრინდაშვილზე: ყველა რესურსი ამოქმედებულია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს მიროსლავ ლაიჩაკს და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს როზმარი დიკარლოს შეხვდა. 

საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა ქართველი ექიმის დაკავების საკითხზე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯეოანასთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა. ზალკალიანის თქმით, ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური ფორმატი, იმისათვის, რომ დაუყონებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი. 

"ყველა არსებული რესურსი არის ამოქმედებული და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეს არის მიუღებელი, გვერდზე რომ გადავდოთ პოლიტიკური საკითხი, ეს არის სუფთა ჰუმანიტარული ასპექტით მიუღებელი. ექიმი, რომელიც პაციენტის დასახმარებლად შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის მძევალი. ის უნდა იყოს დაუყონებლივ გათავისუფლებული და ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი გეგმა, ვითარების ყველა სცენარით განვითარებისთვის"- ამბობს მინისტრი. 

........

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 11 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. 18 ნოემბერს, ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ექიმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მოინახულა.

კომენტარები