საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

აშშ-ში ლობისტების მომსახურებაში მთავრობამ 2019 წელს $2.7 მილიონი დახარჯა

კაპიტოლიუმი, ვაშინგტონი
REUTERS

2019 წელს საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობისტური კომპანიების მომსახურებაში 2.7 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემთა ბაზა, FARA-ში ინახება. 

აშშ-ში ლობისტური კომპანიების მომსახურებით სარგებლობა საქართველომ 1991 წელს დაიწყო. მაშინ სახელმწიფომ  John Adams Associates, Inc.-ის მომსახურებაში 132 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა. ცხადია, ლობისტური მომსახურებით საქართველო შემდეგ წლებშიც სარგებლობდა.

2004-2012 წლებში ამერიკელი ლობისტების მომსახურებაზე სულ 6,6 მილიონი დოლარი დაიხარჯა. უნდა ითქვას, რომ ხარჯვა 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

პოლიტიკური ცხოვრების საწყის ეტაპზე, ლობისტების მომსახურებით ხშირად სარგებლობდა ბიძინა ივანიშვილიც. 2012 წელს ივანიშვილმა ლობისტების მომსახურებაში 6 მილიონი დოლარი გადაიხადა. რასაკვირველია, ამ მომსახურებით სარგებლობდა გაგრძელდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც. 

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანიებთან სულ, 2,7 მილიონი დოლარის ხელშეკრულება გააფორმეს. წელს პირველი კონტრაქტი კომპანია Strate Various Inc-თან გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია საქართველოს მთავრობას აშშ-ის პოლიტიკის ანალიზსა და გენერალური სტრატეგიის შემუშავებაში უნდა დახმარებოდა. ამავდროულად კომპანიას უნდა მოემზადებინა პრინციპული გზავნილები საქართველოს ოფიციალური პირებისთვის. 

ხელშეკრულება 25 იანვარს გაფორმდა და ვადად 31 დეკემბერი განისაზღვრა. ამ პერიოდში ყოველთვიური გადასახდელი თანხა კი 12 ათას დოლარს შეადგენს, რაც წელიწადში 180 ათას დოლარს უტოლდება. 

წელსვე გაფორმდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლობისტური კონტრაქტი ახალ მომწოდებელთან. 2019 წლის 29 მარტს საქართველოს მთავრობამ, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სახით, კომპანია Hill+Knowlton Strategies-თან გააფორმა ხელშეკრულება. დადებული კონტრაქტის ღირებულებამ 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა. 

აქედან 750 ათასი დოლარი პროექტის ღირებულებაზე მოდიოდა, ხოლო 1,1 მილიონი ფასიანი მედია პროდუქციის წარმოებასა და განთავსებაზე უნდა დახარჯულიყო. თანამშრომლობით აშშ-ში უნდა ამაღლებულიყო ცნობიერება საქართველოს შესახებ. ეს უნდა დახმარებოდა აშშ-ისა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევაში. 

Strate Various-თან ერთად საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება განაახლა, კიდევ ერთ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group LLC-ისთან. მომსახურების  ყოველთვიური საფასური 65 ათასი დოლარით განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულება 12 თვეზე გაფორმდა. შესაბამისად კომპანიის მომსახურება საქართველოს მთავრობას წელს 780 ათასი დოლარი დაუჯდა. 

უნდა ითქვას, რომ ეს მთავრობის მიერ ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებებია. დიდი ალბათობით, არსებობს არაფორმალური შეთანხმებებიც, რომლითაც მთავრობა ან მასთან დაახლოებული პირები იგივე მომსახურებას იღებენ.

რაც შეეხება წინა წელს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ბაზაში 2017-2018 წლებში გაფორმებული კიდევ ორი ხელშეკრულება იძებნება. 2018 წელს Chartwell Strategy Group LLC-ის მომსახურებაში სახელმწიფომ სულ 545 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო Strate Various მომსახურება ბიუჯეტს 144 ათასი დოლარი დაუჯდა. 

კომენტარები