18 ნოემბრის აქციის დაშლა

მოსამართლე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებული 25 ადამიანის საქმის განხილვა გადადო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებული 25 ადამიანის საქმის განხილვა გადადო.

მოსამართლე გეგმავდა, 8 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის საქმე დღეს ღამე განეხილა, სხვების საქმეების მოსმენა კი ინდივიდუალურად, ხვალიდან დაეწყო.

ფილიშვილმა ჯერჯერობით მხოლოდ 2 ჯგუფის - 12 ადამიანის საქმე განიხილა და უკვე რამდენიმე საათია, გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული.

19 ნოემბერს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავდა. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. მოსამართლემ თავდაპირველად სხდომები მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო, გვიან ღამით კი ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და განხილვა დღეისთვის, 20 ნოემბრისთვის ჩანიშნა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები