ისრაელი

ისრაელში მთავრობის ფორმირება ვერც ნეთანიაჰუს ოპონენტმა ბენი განცმა შეძლო

ბენი განცი
Reuters

ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა ბენი განცმა სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო, რაც ქვეყანაში არჩევნების მესამედ დანიშვნის შანსს ზრდის.

განცს მთავრობის ფორმირებისათვის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მანდატი გასულ თვეს გადასცა. განცს ვადა 20 ნოემბრამდე ჰქონდა და იძულებული გახდა მანდატი პრეზიდენტისათვის დაებრუნებინა.

განცმა თქვა, რომ მთავრობის ფორმირების მის მცდელობებს ნეთანიაჰუს ლოიალისტები უშლიდნენ ხელს. მან ისიც თქვა, რომ ნეთანიაჰუსთან დიალოგი სცადა, თუმცა პასუხად მხოლოდ შეურაცხყოფა და ბავშვური ვიდეოები მიიღო.

მანამდე მანდატი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიენიჭა, თუმცა კოალიციის შექმნა ვერც მან შეძლო.

ახლა, მომდევნო 21 დღის განმავლობაში ისრაელის პარლამენტს პრემიერმინისტრის პოსტზე ნებისმიერი კანდიდატის წამოყენება შეუძლია, მათ შორის ნეთანიაჰუს და განცის. მიუხედავად ამისა, ამ გზით პრემიერმინისტრის დანიშვნის შანსი დაბალია, ვინაიდან უმრავლესობა, ანუ 61 ხმა არც ერთ პოლიტიკურ ალიანსს არ აქვს.

21 დღის გასვლის შემდეგ, თუ პრემიერმინისტრის დანიშვნა და მთავრობის ფორმირება კვლავ ვერ მოხერხდა, ისრაელში არჩევნები მიმდინარე წელს მესამედ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების შემდგომ, რომელშიც უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ და პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო, პრეზიდენტმა მხარი თავდაპირველად ერთობლივი მთავრობის შექმნას დაუჭირა და ნეთანაიჰუ და განცი მოლაპარაკებებზე მიიწვია. მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი იყო ვინ დაიკავებდა პირველი პრემიერმინისტრის პოსტს.

განცი გამორიცხავდა ნეთანიაჰუს პარტიასთან თანამშრომლობას და მიზეზად მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას ასახელებდა.

ნეთანიაჰუ და განცი გარკვეულ მნიშნველოვან საკითხებზე თანხმდებოდნენ, როგორიცაა აშშ-სთან და ირანთან ურთიერთობა და პალესტინის კონფლიქტის საკითხი, თუმცა განცს მეტად ლიბერალური მთავრობა სურს, რომელშიც არ უნდა შევიდნენ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი რალიგიურ-ნაციონალისტური პარტიები.

განმეორებითი არჩევნები ნეთანიაჰუმ მას შემდეგ დანიშნა, რაც აპრილში სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. ლიკუდმა ქნესეთში 31 ადგილი მოიპოვა, განცის ლურჯი და თეთრის პარტიამ 33.

ამჟამად ნეთანიაჰუს ბლოკს პარლამენტში 55 ადგილი აქვს, ხოლო განცისას არაბული პარტიები მხარდაჭერით 54, თუმცა უმრავლესობისათვის 61 მხარდამჭერია საჭირო.

კომენტარები