EPP: ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება

ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა. 

ყველაზე დიდი ევროპული პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, განიხილოს ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გამოსავალი. 

"ევროპის სახალხო პარტია ძლიერ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის ცინიკური ნაბიჯით, რომლითაც უღალატა საქართველოს მოქალაქეებისთვის დადებულ პირობას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. 

ყველა ქართული პოლიტიკური პარტია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერაა მხარდაჭერილი, შეთანხმდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემოსთვის აუცილებელია მაშინ, როდესაც არსებულ შერეულ სისტემას სამართლიანად აკრიტიკებენ, როდესაც ამბობენ, რომ ის სუპერუმრავლესობის შექმნისკენაა მიდრეკილი. 

საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე სრული პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება, ამრიგად, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას და განიხილოს მისთვის შეთავაზებული პოლიტიკური გამოსავალი. 

კომპრომისის მიუღწევლობა ქვეყანას სახიფათო გზაზე დააყენებს, რაც შედეგად გამოიწვევს საქართველოს მეგობრების ძლიერ იმედგაცრუებას და მხოლოდ ის იხეირებს, ვისაც საქართველოს მოწყვეტა სურს ევრო-ატლანტიკური გზიდან," - წერია განცხადებაში. 

14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობის მიუხედავად, მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციურ შესწორებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, რასაც ერთი მხრივ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების განახლება და, მეორე მხრივ, სრულად ოპოზიციური ფლანგის გაერთიანება მოჰყვა 3 მთავარი მოთხოვნის ირგვლივ. 

ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი შეთანხმების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

კომენტარები