ევროპული საქართველო

უგულავა: გიორგი გახარიამ ბოქლომი პოლიციის კორდონით დაიდო უკვე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ სახელმწიფო შენობებისთვის ბოქლომის დადების ამოცანა სწორედ ისაა, რომ ხელისუფლება არ იყოს მშვიდად და მათ დისკომფორტი ჰქონდეთ. 

ამის შესახებ უგულავამ მთავრობის სახლთან პოლიციელებს უთხრა, რომელიც მასა და აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდნენ და ჭიშკარზე ბოქლომის დადების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. 

"გიორგი გახარიამ ბოქლომი პოლიციის კორდონით დაიდო უკვე დღეს,"- თქვა უგულავამ. 

პოლიტიკოსის თქმით, იგივე პროცესები სხვა ქალაქებშიც დაიწყება და პოლიცია ვეღარ შეძლებს თავი გაართვას უკანონო დავალებებს, როდესაც ერთდროულად, მაგალითად, 5 სახელმწიფო შენობას დაადებენ ბოქლომს. 

"მართლა ტუალეტში ხომ არ ივლიან სპეცრაზმისა და პოლიციის თანხლებით?" - ამბობს გიგი უგულავა. 

მისი თქმით, არცერთი მთავრობისა, თუ პარლამენტის სხდომა წყნარად არ ჩატარდება და ის ძალიან წუხს, რომ პოლიციელები ამ მდგომარეობაში არიან, თუმცა ეს ხელისუფლების ბრალია, რომელიც მათ ასეთ დავალებებს აძლევს. 

"ბოლოს და ბოლოს თქვენ თვითონ მიხვდებით და ეტყვით თქვენს ხელმძღვანელობას, რომ ასე ვერ გაგრძელდება და სადამდე უნდა ასრულოთ ეს იდიოტური დავალება?" - მიმართა უგულავამ მთავრობის სახლთან შეკრებილ პოლიციელებს. 

გიგი უგულავას თქმით, ყველა ქვეყანაში ისეთი ტყუილი და მზაკვრობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა იკადრა, არჩევნებით უნდა დასრულდეს. 

"ხელჩართულ ბრძოლაზე რომ გადავა, მერე რას იზამთ, ხალხს დაუპირისპირდებით? ივანიშვილი მიგვათრევს დაპირისპირებისკენ და თქვენ ამ დაპირისპირების მხარე იქნებით და არა ნეიტრალური გამშველებელი," - უთხრა უგულავამ სამართალდამცველებს. 

მისი თქმით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრები უკანა კარიდან გაიქცნენ და სწორედ ეს არის მათი ამოცანა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს მშვიდი ძილი. 

"თუ ამ პოლიციელებს არ მობეზრდებათ ამის კეთება, კი ბატონო, აკეთეთ, ხალხს არ მობეზრდება სანამ არ გაკეთდება ის, რაც არის მოთხოვნა,"- ამბობს უგულავა. 

დღეს მოქალაქეები პოლიტიკურ ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად მთავრობის კანცელარიის ჭიშკრისთვის ბოქლომის დასადებად შეიკრიბნენ. პოლიციამ მათ ჭიშკრისთვის ბოქლომის დადების საშუალება არ მისცა, თუმცა მათ მაინც შეძლეს ღობისთვის სამი ბოქლომის დამაგრება. 

კომენტარები