რუსეთი

რუსეთში ვასტოჩნის კოსმოდრომის პროექტიდან თანხების მითვისების საკითხზე გამოძიება დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

რუსეთში ვასტოჩნის კოსმოდრომის მშენებლობისას თანხების მითვისების საკითხზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2 კვირის წინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკმაყოფილება გამოთქვა პროექტის მენეჯმენტში კორუფციის თაობაზე და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

"ასობით მილიონი მოიპარეს. ასობით მილიონი. რამდენიმე ათეული გამოძიება უკვე დაიწყო. სასამართლო გადაწყვეტილებებიც არსებობს. ხალხი დააპატიმრეს." თქვა პუტინმა.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ პროექტისათვის განკუთვნილი 91 მილიარდი რუბლიდან 11 მილიარდი ($172.45 მილიონი) მოპარულია.

მხოლოდ 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისამდე პროექტისთვის განკუთვნილი 240 მილიონი რუბლის ($3.8 მილიონი) მითვისება მოხდა.

კოსმოდრომის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ამ დრომდე რაკეტების გასაშვები მხოლოდ ერთი პლატფორმაა დასრულებული. რუსეთს ამ პროექტით ყაზახეთში მდებარე ბიაკონურის კოსმოდრომზე დამოკიდებულების შემცირება სურს, ვინაიდან ამ დრომდე ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც კოსმოსში რაკეტებისა და სატელიტების გაშვებას ახერხებენ.

კოსმოდრომის მშენებლობას რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის დირექტორი დიმიტრი როგოზინი მეთვალყურეობს.

2018 წელს კორუფციის საქმეზე დააკავეს და 11.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს იური ხრიზმანს, რომელიც სახელმწიფო სამშენებლო კომპანია Dalspetsstroy-ს ყოფილი ხელმძღვანელი იყო. მის გარდა კიდევ 58 ადამიანია დაკავებული.

პროექტის დასრულება არაერთხელ გადაიდო. 2015 წელს მუშებმა შიმშილობა დაიწყეს, რადგან ერთ-ერთი კონტრაქტორი ფირმა გაკოტრდა და მათ ხელფასებს არ უხდიდა. მშენებლობისას გამოიყენეს დაბალ ხარისხის სამშენებლო მასალაც, რის გამოც მალევე ინფრასტრუქტურის შეკეთება გახდა საჭირო.

ამჟამად კოსმოსური ფრენების კუთხით აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA რუსეთზე დამოკიდებული. ნასა კოსმონავტებს დამოუკიდებლად მას შემდეგ ვეღარ უშვებს, რაც 2011 წელს ბოლო Space Shuttle-მა მოქმედება შეწყვიტა, თუმცა რუსეთს ახალი კონკურენტები გამოუჩნდნენ კერძო კომპანიების სახით. ილონ მასკის SpaceX და ასევე კომპანია Boeing სარაკეტო ტექნოლოგიებს ავითარებენ. SpaceX-მა უკვე არაერთხელ გაუშვა და შემდგომ დააბრუნა რაკეტები, რომელთა ხელახალი გამოყენება შესაძლებელია. კომპანიამ უკვე გააფორმა კონტრაქტები აშშ-ის საჰარო ძალებთან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები