უკრაინა - რუსეთი

რუსეთმა უკრაინას ქერჩში დაკავებული 3 ხომალდი გაფუჭებული დაუბრუნა, მოპარულია უნიტაზები

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

გასულ წელს ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ დაკავებული 3 უკრაინული ხომალდი, რომელიც რუსეთმა 2 დღის წინ გაათავისუფლა - გაფუჭებულია.

უკრაინის საზღვაო ძალების ვიცე ადმირალის იგორ ვორონჩენკოს თქმით, ხომალდებს ჯერ არ მიუღწევიათ უკრაინის წყლებში, რადგან ისინი ბუქსირით, ნელა მიჰყავდათ.

"ისინი დამოუკიდებლად არ მოძრაობენ. რუსებმა გააფუჭეს ხომალდები - მათ მოიპარეს ტუალეტის უნიტაზები, ნათურები და დენცქვიტები. ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ რუსულ ბარბარიზმს".

ბრალდებების შემდეგ პროპაგანდული გაზეთის კომსომოლსკაია პრავდას ჟურნალისტმა ალექსანდერ კოცმა Twitter-ზე ატვირთა ვიდეო კომენტარით - "აჰაჰა! უნიტაზები ადგილზეა." ვიდეოს გადაღების თარიღი უცნობია.

რუსეთის FSB ირწმუნება, რომ ხომალდები "ნორმალურ მდგომარეობაშია".

ოჩაკივის პორტში ხომალდებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დახვდება.

უკრაინა ხომალდების გადაცემას რუსეთისაგან მომავალ თვეს აღმოსავლეთ უკრაინის საკითხზე ოთხმხრივი მოლაპარაკებების წინ კეთილი ნების ნიშნად ითხოვდა.

ხომალდები და მათი ეკიპაჟი რუსეთმა ქერჩის სრუტეში გასული წლის ნოემბერში დააკავა და ისინი ტერიტორიული წყლების დარღვევაში დაადანაშაულა. ოფიციალური კიევი ბრალდებას უარყოფს.

დაკავებული მეზღვაურები პატიმრების გაცვლის ფარგლებში უკრაინაში მიმდინარე წლის სექტემბერში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის, გერმანიის, ურკაინისა და რუსეთის ლიდერები პარიზში 9 დეკემბერს შეხვდებიან და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, თუმცა კრემლში შეხვედრა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ და ამბობენ, რომ მსგავსი სამიტი მიმდინარე წელს შესაძლებელია, თუმცა თარიღზე არ შეთანხმებულან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები