ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

ოკუპირებული ცხინვალი: ექიმის თქმით, NATO-ში გაწევრიანების მომხრეა და რუსეთი მთავარი მტერია

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

"დაკითხვის დროს ვ. გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ საზღვარზე სპეციალურად გადავიდა, რადგან აპირებდა მისვლას სოფელ მონასტერში არსებულ ეკლესიაში, თუმცა, ამასთან, ვერ შეძლო საუბარი თავის რელიგიურ შეხედულებებზე. გარდა ამისა, ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა კითხვებისთვის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არის საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანების მომხრე, საზღვრის გადაკვეთას აფასებს, როგორც საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლების - თავისუფლად გადაადგილების განხორციელებას, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, ვ. გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქათველოს მოქალაქე, იტოვებს უფლებას აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა", - აღნიშნავს ე.წ. КГБ.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ექიმის მიერ 9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა "კარგად მომზადებულ და წინასწარ დაგეგმილ ხასიათს ატარებდა". ამის არგუმენტად ე.წ. КГБ-ს ვაჟა გაფრინდაშვილის საზღვარგარეთ მივლინებებს და კერძოდ, ბალტიისპირეთში ვიზიტს ასახელებს. ასევე ოკუპირებული ცხინვალი აქვეყნებს ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრების ამონაწერს გატაცებამდე, სადაც, მათი მტკიცებით, ექიმი ამბობს, რომ შაბათს და კვირას თბილისში არ იქნება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტების და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით "ქართულ და დასავლურ მედიაში ატეხილი ისტერიის" გათვალისწინებით, ექიმის "პროვოკაცია" პირდაპირ უკავშირდება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

ე.წ. КГБ აცხადებს, რომ:

"ქართული ოპოზიციის, მისი დასავლური კურატორებისა და ასევე, ოფიციალური თბილისის მცდელობები დაიწეროს პოლიტიკური ქულები ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეში, ასევე, თავისი შიდა რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით მოახდინოს ზეწოლა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე - უპერსპექტივოა".

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის 9 ნოემბერს გაიტაცეს და "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

კომენტარები