18 ნოემბრის აქციის დაშლა

NGO-ები: 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებულების საქმეების საქალაქო სასამართლოში განხილვას გამოეხმაურნენ. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სასამართლო პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო და რომ მოსამართლე ვალერიანე გაფრინდაშვილი, სავარაუდოდ, მითითებებს იღებდა პროცესის მიმდინარეობისას. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 2-დღიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში მოსამართლე ფილიშვილი კანონით დადგენილ მოთხოვნებს უგულებელყოფდა, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულების უფლებებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ეს დავები შემჭიდროვებულ ვადებში უნდა განხილულიყო, ყველა ეს საქმე ერთ მოსამართლეს დაეწერა იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლოში არის რამდენიმე ათეული მოსამართლე, რომელსაც ამ საქმის განხილვა შეეძლო,"- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლე ფილიშვილი არღვევდა კანონით დადგენილ ვადებს, ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულების ძალიან დიდი ნაწილი იყო უკანონო პატიმრობაში, რაც მათი განმარტებით, სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსამართლე ზღუდავდა ადვოკატების უფლებებსაც და იგი ადვოკატებს ინსტრუქციებს აძლევდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ წუთში ერთხელ და რა დროის განმავლობაში უნდა დაეცვათ დაცვის ქვეშ მყოფი პირები. 

"ასევე ადვოკატებს დასაწყისშივე არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ წარმოედგინათ მტკიცებულებები და შესაბამისად დაეცვათ დაკავებულები," - ნათქვამია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თითქმის ვერცერთ შემთხვევაში პოლიციამ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მოწმე პოლიციელები პირველად ნახულობდნენ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მათ წარადგინეს. 

"საერთოდ არ იყო წარმოდგენილი სამხრე კამერების ჩანაწერები". 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ასევე გაუგებარია, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა მოსამართლემ, როდესაც კონკრეტული სანქციები დაადგინა დაკავებულთა მიმართ. მათი განცხადებით, სავარაუდოდ, მოსამართლემ იხელმძღვანელა იმით, რომ ეს ადამიანები 25 ნოემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებაში იქნებოდნენ ჩართულები და, შესაბამისად, მათ მიმართ განსაკუთრებით მკაცრი ზომებით გამოირჩეოდა. 

"ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. როგორც ჩანს, მოსამართლე არ იყო თავისუფალი თავისი გადაწყვეტილებების მიღებაში. ზოგ შემთხვევაში იგი გადიოდა პროცესიდან და როგორც ჩანს, იღებდა ინსტრუქციებს და ეს აშკარად ჩანდა," - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადებაში. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს სახელმწიფო ინსტიტუტების სათავისოდ გამოყენება. 

"ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და, რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე".

არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებულების დაცვას კვლავ აგრძელებენ და ასევე აპირებენ გაასაჩივრონ მოსამართლე ფილიშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები. 

"მივაწოდებთ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამისთვის იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს". 

18 ნოემბერს დაკავებული 37 ადამიანიდან სასამართლომ 20 ნოემბერს 12 მათგანის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება - 10 დემონსტანტს 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 1 დემონსტრანტს - ჯარიმა, ერთს კი - სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულ 12 პირს დაეკისრა:

გიგა მაქარაშვილი - პატიმრობა - 12 დღე.

ირაკლი კაჭარავა - პატიმრობა - 4 დღე;

პაატა სოსანაშვილი - სიტყვიერი შენიშვნა.

დიმიტრი ბიძინაშვილი - პატიმრობა - 3 დღე.

ირაკლი ნადირაძე - პატიმრობა - 13 დღე.

დავით მჟავანაძე - პატიმრობა - 4 დღე.

ლუკა ჭიჭინაძე - პატიმრობა - 5 დღე.

გიორგი ბუნტური - პატიმრობა - 5 დღე.

ზუკა ბერძენიშვილი - პატიმრობა - 7 დღე.

ბექა ბასილაია - პატიმრობა - 13 დღე.

გურამ მჭედლიშვილი - ჯარიმა 1000 ლარი.

ელგუჯა ბაგრატიონი - პატიმრობა - 12 დღე.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი კიდევ 8 ადამიანის საქმეს განიხილავს ჯგუფურად, დანარჩენი დაკავებულების საქმეებს კი ინდივიდუალურად განსჯის. როდის გაიმართება პროცესები, ჯერჯერობით უცნობია.

19 ნოემბერს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმის განხილვას გეგმავდა.

დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. მოსამართლემ თავდაპირველად სხდომები მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო, გვიან ღამით კი ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და განხილვა დღეისთვის, 20 ნოემბრისთვის ჩანიშნა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები