18 ნოემბრის აქციის დაშლა

სალაძე: 18 ნოემბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილებები არ ჩაგვაბარეს

facebook.com/sulkhan.saladze

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის, თქმით, საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირების საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს დასაბუთებები არ ჩააბარეს. 

სალაძის განმარტებით, ამის მიუხედავად საია გადაწყვეტილებებს დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს, თუმცა როდესაც არ არის ცნობილი, თუ რას აფუძნებს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებას, ეს საქმეს ართულებს. 

"მთავარი და მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ დაკავებული პირები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა იზოლატორში, რაც ასევე ქმნის კომუნიკაციის პრობლემებს,"- ამბობს სალაძე.

საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიმართულებით გასაჩივრების კონკრეტული ვადაა განსაზღვრული და როდესაც ერთ გეოგრაფიულ არეალში არ არიან დაკავებულები, ეს შეიძლება, იყოს დამაბრკოლებელი გარემოება ეფექტური კომუნიკაციების ფარგლებში. 

"ფაქტი ერთია, რომ ამ პროცესში, სამწუხაროდ, სასამართლომ მართლმსაჯულებისა და ობიექტური განხილვის როლი არ ითამაშა, არამედ თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ამ პროცესში," - ამბობს სალაძე. 

სალაძის თქმით, როდესაც 20 ივნისის საქმეების განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად საუბრობდნენ იმაზე, რომ პრობლემა ის კი არ იყო, რომ ამ საქმეებს ბევრი მოსამართლე განიხილავდა, არამედ ის, თუ როგორ განიხილავდნენ ამ საქმეებს, ახლა ეს შეცვალეს და 37-ვე საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავს. 

"კოდექსი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არის მიღებული, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამ კოდექსს ძალიან კარგად იყენებს როგორც პოლიცია, ასევე სასამართლო. ფაქტია ერთი რამ რომ ამ მოცემულობით, ჩვენ შეიძლება კიდევ ვნახოთ დაკავებები,"- თქვა სულხან სალაძემ. 

საია-ს თავმჯდომარემ ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მათ თქვეს, რომ 18 ნოემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო და მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალი არ იყო. 

აქციის დაშლის დროს დაკავებული 37 ადამიანიდან სასამართლომ 20 ნოემბერს 12 მათგანის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება. 10 დემონსტრანტს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს ჯარიმა და ერთსაც სიტყვიერი გაფრთხილება. 

მოსამართლე ფილიშვილი კიდევ 8 ადამიანის საქმეს განიხილავს ჯგუფურად, დანარჩენი დაკავებულების საქმეებს კი ინდივიდუალურად განსჯის. როდის გაიმართება პროცესები ჯერჯერობით უცნობია.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები