ჩრდილოეთ კორეა: აშშ-სთან სამიტს მანამ არ გავმართავთ, სანამ მტრულ პოლიტიკაზე ხელს არ აიღებენ

Xinhua News Agency/Rex

ჩრდილოეთ კორეის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრის ჩო სონის თქმით, იმისთვის, რომ აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებები დაიწყონ, აშშ-მა ხელი უნდა აიღოს ფხენიანის მიმართ თავის "მტრულ პოლიტიკაზე". ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს:

"აშშ-მა ყველა ის ზომა უნდა მოხსნას, რითაც ჩვენ მტრად გვთვლის და შემდეგ ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა შეგვატყობინოს".

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისიც აღნიშნეს, რომ გაეროს ახალი რეზოლუცია ადამიანის უფლებებზე "აშშ-ის წინამძღოლობით [დაგეგმილი] პოლიტიკური პროვოკაციაა".

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთხელ მოითხოვა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დასრულება და ასევე, მათი ეკონომიკისთვის საზიანო სანქციები მოხსნა. 

გუშინ ჩო სონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. 

27 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონს მოლაპარაკებებისათვის ბოლო ვადად მინდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს.

მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სარაკეტო გამოცდა ჩაატარა, მათ შორის იყო 2 ოქტომბერს წყალქვეშა ხომალდიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვება.

ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ის ომისათვის მზადებას შეაფასა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აშშ არღვევს პირობას სამხრეთ კორეასთან ერთობლივის სამხედრო წვრთნების შეწყვეტის თაობაზე და ამის გამო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა.

კომენტარები