ევროპული საქართველო

გიგი წერეთელმა EPP-ის კონგრესზე მცოცავ ოკუპაციასა და ვაჟა გაფრინდაშვილზე ისაუბრა

0 კომენტარი
ფოტო: ABV

ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი სიტყვით გამოვიდა და მცოცავ ოკუპაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებსა და კონკრეტულად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე გაამახვილა ყურადღება. 

"უკანონო ბორდერიზაცია საქართველოში ფატალურ შედეგებსა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს იწვევს. ბოლო ასეთი შემთხვევა ცნობილ ქართველ ექიმს, ჩემს მეგობარ ვაჟა გაფრინდაშვილს ეხება, რომელიც ე.წ "სამხრეთ ოსეთი" საოკუპაციო რეჟიმის მიერ ძალადობრივადაა დაკავებული არალეგიტიმური მიზეზებით, თითქოს, მან გადაკვეთა ე.წ საზღვარი,"- თქვა წერეთელმა სიტყვით გამოსვლის დროს. 

გიგი წერეთელმა გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ როგორც ყველაზე დიდ და ყველაზე გავლენიან ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს, ევროპის სახალხო პარტიას, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, უპასუხოს არსებულ გამოწვევებსა და უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უკეთესი მომავალი. 

"ევროპის სახალხო პარტიას გააჩნია საკვანძო გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები და შესაძლებლობები,"- თქვა გიგი წერეთელმა. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 12 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. 18 ნოემბერს, ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ექიმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მოინახულა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები