18 ნოემბრის აქციის დაშლა

საქალაქო 18 ნოემბერს დაკავებულების პროცესზე: გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარიმართა

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო. 

საქალაქო სასამართლოს განცხადებით, პროცესი დაკავებული 37 ადამიანისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან "სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და მწვავე კრიტიკის ფონზე" ხდებოდა. 

"სასამართლომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა,"- წერია განცხადებაში. 

საქალაქო სასამართლო ასევე წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა "მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეწოლისა და ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს", სხდომის თავმჯდომარემ და მანდატურის სამსახურმა "მოქალაქეთა სიტყვისა და ზრის გამოხატვის თავისუფლება სრულად დაიცვა". 

საქალაქო სასამართლო ასევე ეხმაურება კრიტიკას, რომ ერთ მოსამართლეს, ვალერიანე ფილიშვილს, 37 საქმე ეწერა. სასამართლო განცხადებაში წერს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული "საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის" შესაბამისად ნაწილდება, მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით. 

"ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა 72 საათს არ აღემატება, კანონმდებლობით დადგენილი წესით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებში აღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის მიხედვით,"- წერია განცხადებაში. 

საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ამ შემთხვევაში განაწილებული საქმეების რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება. ამასთან, სასამართლოს ცნობით, მიმდინარე თვის სტატისტიკური მონაცემმებით, ყოველდღიურად მორიგე მოსამართლეზე საშუალოდ 51 სამართალდარღვევის საქმე ნაწილდება. 

"შესაბამისად, 2019 წლის 19 ნოემბერს შემოსული ოქმები განაწილდა აღნიშნული წესის თანახმად, მორიგე მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილზე,"- წერს საქალაქო სასამართლო. 

იმავე განცხადებაში საქალაქო სასამართლო ხაზს უსვამს კონსტიტუციის 84-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. 

"რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით,"- წერია განცხადებაში. 

საქალაქო სასამართლო წერს, რომ სასამართლოს დროებითი მოთავსების საკანში მოთავსებული პირების მონახულების უფლება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და მის წარმომადგენლებს აქვთ. 

სასამართლო კვლავ არ განმარტავს, როდის განახლდება დარჩენილი 25 მოქალაქის საქმის განხილვა. 

20 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ იმ 12 ადამიანის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლებიც 18 ნოემბერს სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის დროს დააკავეს. 10 დემონსტრანტს სასამართლომ 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს ჯარიმა და ერთსაც სიტყვიერი გაფრთხილება. 

19 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. მოსამართლემ თავდაპირველად სხდომები მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო, გვიან ღამით კი ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და განხილვა 20 ნოემბრისთვის ჩანიშნა.

21 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთიანი ბრიფინგი ჩაატარეს, სადაც თქვეს, რომ 18 ნოემბერს დაკავებულების პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო და მოსამართლე თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი არ იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ასევე გამოთქვეს ეჭვი, რომ სავარაუდოდ, მოსამართლე ფილიშვილი პროცესის განმავლობაში მუდმივად იღებდა დირექტივებს, რაც მათი განმარტებით "ძალიან ცხადად ჩანდა". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები