ბოკერია: რევოლუცია არ არის სასურველი სცენარი, სასურველი სცენარი არჩევნებით ცვლილებაა

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტვ პირველის ეთერში "ბოქლომების აქციაზე" ისაუბრა, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური ლიდერები მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო შენობის შესასვლელს ადებენ. 

ბოკერია ამბობს, რომ რევოლუციური გზა განვითარებისთვის ნორმალური გზა არ არის და ვარდების რევოლუციაც კი, რომელიც "ისტორიაში შევა, როგორც ქვეყნის ფუნდამენტურად სწორ რელსებზე დამყენებელი და გადამრჩენელი", სასურველი სცენარი მაინც არ არის. 

"სასურველი სცენარი არის არჩევნებით ცვლილება," - ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, დემონსტრაციები ყველა დემოკრატიაში საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალური შემადგენელი ნაწილია, თუმცა იმ ტიპის დემონსტრაციები, რომლებსაც ოპოზიცია დღეს ატარებს, ეს უფრო მეტად რეაქციაა იმაზე, როდესაც ასეთ მდგომარეობაში გაყენებენ. 

ბოკერიას თქმით, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ ხელი შეუშალონ პარლამენტის, კანცელარიისა, სამინისტროებისა და ყველა იმ შენობის ნორმალურ ფუნქციონირებას, სადაც ამის შანსი ექნებათ. 

"ეს არ არის ნორმალური ვითარება, ოღონდ ეს არანორმალური ვითარება შექმნა ივანიშვილმა,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატი განმარტავს, რომ ბოქლომი, მხოლოდ და მხოლოდ, სიმბოლოა და ხელისუფლების პოლიტიკური სიბრიყვე კარგად ჩანს, როდესაც პოლიციელებს აძლევენ დავალებას, რომ დემონსტრანტებს ხელი შეუშალონ ბოქლომების დამაგრებაში. 

"იმ ბოქლომით მართლა ფიზიკურად ვერ ჩაკეტავ. ბოქლომში და ნივთებში კი არაა საქმე, საქმე არის ადამიანებში. ადამიანებზეა ლაპარაკი, თორემ იმ ბოქლომს გაჭრი, მოხსნი,"- ამბობს ბოკერია.

მისი თქმით, ძალიან კომიკური იყო სიტუაცია 18 ნოემბერს, რომ სასწრაფოდ მიიტანეს პარლამენტთან მექანიზმი, რომლითაც ბოქლომის გაჭრა იქნებოდა შესაძლებელი და შემდეგ იზეიმეს. 

"ეს აჩვენებს სისულელის ზღვარს," - ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ბოქლომი ყველგან დაიდება, თუმცა მთავარი იქნება ხალხი და საზოგადოება, რომლებიც ფიზიკურად და მორალურად ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ჯოჯოხეთს შეუქმნის. 

ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებამ და იმ კანონპროექტის ჩაგდებამ, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციები განაახლა, ხოლო მეორე მხრივ კი, სრულად ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, რომლებიც საერთო მოთხოვნებზე შეთანხმდნენ: - ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელსაც დროებითი, ტექნიკური მთავრობა ჩაატარებს. 

მოთხოვნებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები