18 ნოემბრის აქციის დაშლა

"სოლიდარობა პოლიტპატიმრებს" - ლელომ 18 ნოემბერს დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართა 

"სოლიდარობა პოლიტპატიმრებს" - საქალაქო სასამართლოსთან ლელო 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერი აქცია გამართა. 

"ჩვენ დღეს მოვედით აქ იმიტომ, რომ დავარღვიოთ ეს სიჩუმე. არ გეგონოთ, რომ ამ კომფორტში შეძლებთ გააგრძელოთ ადამიანების დატყვევება, პოლიტიკური დაკვეთების შესრულება და ამ ქვეყნის დანგრევა," - ამბობს ლელოს სპიკერი ანა ნაცვლიშვილი. 

მან აღნიშნა, რომ ოცნებისგან განსხვავებით, ისინი სასამართლო კლანს მემკვიდრეობით არ გადაიბარებდნენ - "მოგიწევთ, რომ კანონის წინაშე, სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი აგოთ".

იურისტ კახა კოჟორიძის თქმით, მართალია ამ პროცესის დირიჟორი ბიძინა ივანიშვილი იყო, თუმცა "მის მახინჯ სისტემას თავისი შემსრულებლები ჰყავს" .

20 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ იმ 12 ადამიანის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლებიც 18 ნოემბერს პარლამენტის პიკეტის სპეცრაზმით დაშლის დროს დააკავეს. 10 დემონსტრანტს სასამართლომ 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს ჯარიმა და ერთსაც - სიტყვიერი გაფრთხილება. 

19 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. 

21 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთიანი ბრიფინგი ჩაატარეს, სადაც თქვეს, რომ 18 ნოემბერს დაკავებულების პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო და მოსამართლე თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი არ იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ასევე გამოთქვეს ეჭვი, რომ სავარაუდოდ, მოსამართლე ფილიშვილი პროცესის განმავლობაში მუდმივად იღებდა დირექტივებს, რაც მათი განმარტებით "ძალიან ცხადად ჩანდა". 

კომენტარები