ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის აქციებში მონაწილე 12 წლის ბავშვს ბრალი წარუდგინეს

ჰონგ-კონგში ბავშვი პოლიციელების წინ სურათს იღებს (სურათზე ასახული მცირეწლოვანი ის ბავშვი არ არის, რომელზეც სიახლეში წერია).
GETTY IMAGES

ჰონგ-კონგის ანტისამთავრებო აქციებში მონაწილე 12 წლის ბავშვს ბრალი წარუდგინეს. ის ყველაზე მცირეწლოვანი მომიტინგეა, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდგება. ჰონგ-კონგში უკვე ნახევარი წელია პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებენ და დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვენ.

მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რომ პოლიციის შენობასა და მეტრო სადგურს "თავისუფლება ჰონგ-კონგს" და მსგავსი შინაარსის სხვა სლოგანი დააწერა. 

ბავშვი, რომლის სახელსაც არ ასახელებენ, გასულ თვეს ერთერთი აქციის მეორე დღეს სკოლაში მიმავალ გზაზე დააკავეს, სახლი გაუჩხრიკეს და სპრეი უპოვეს.

დაკავების შემდეგ მას მთელი დღე პოლიციაში გაათენებინეს

დაკავებული ბავშვის ადვოკატმა მოსამართლეს მისი ასაკის გათვალისწინება სთხოვა.

ბიჭი მის 75 წლის ბებოსთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ჭურჭლის გარეცხვაში ეხმარება და წამლებს ყიდულობს. ბიჭის მშობლებმა, რომლებიც განქორწინებულები არიან, პირობა დადეს, რომ მას გააკონტროლებდნენ. 

მას 19 დეკემბერს გაასამართლებენ. ის შესაძლოა პრობაციით, სამი წლის მანძილზე მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ეს ბრძანებაც მის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ნასამართლები.

ივნისის შემდეგ აქციებზე 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი 12-დან 15 წლამდეა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 12 წლის ბავშვს გაასამართლებენ. 

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველად, შაბათს ჰონგ-კონგის ქუჩებში ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმია გამოჩნდა. მათ ქუჩები ბარიკადებისაგან გაათავისუფლეს, თუმცა მათმა გამოჩენამ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათ მთავრობას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

კომენტარები