რუსეთი

რუსეთში, შესაძლოა, ბლოგერები, რომლებსაც უცხოეთიდან აქვთ შემოსავალი, უცხოეთის აგენტებად ცნონ

VOA

რუსეთში ბლოგერები, ჟურნალისტები ან ნებისმიერი პირები ვინც ინტერნეტში საჯაროდ გამოხატავენ აზრს და ამავდროულად საზღვარგარეთიდან იღებენ შემოსავალს, შესაძლოა, "უცხოეთის აგენტებად" ცნონ.

ინფორმაციის გამავრცელებლებში იგულისხმება მოქალაქეების მიერ სოციალურ მედიაში დაწერილი პოსტებიც.

კანონპროექტის მესამე მოსმენით რუსეთის დუმის ქვედა პალატამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი - 311 მხარდამჭერი და არცერთი მოწინააღმდეგე. 4 დეპუტატი სხდომას არ ესწრებოდა.

კანონმდებლობას ახლა ზედა პალატაში განიხილავენ, რასაც დიდი ალბათობით მხარს დაუჭერენ და შემდეგ დასამტკიცებლად პრეზიდენტ პუტინთან გააგზავნიან

კანონის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ორი ფაქტორი - ინფორმაციის გავრცელება და უცხოეთიდან ფულის მიღება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მთავრობამ ესა თუ ის პირი, საჭიროების შემთვევაში, უცხოეთის აგენტად გამოაცხადოს.

ნიუ-იორკში მდებარე Human Rights Watch კანონპროექტს რუსეთში "თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გამკაცრებისკენ გადადგმულ ნაბიჯს" უწოდებს, რასაც ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე ექნება გავლენა.

OSCE-ს ხელმძღვანელმა ჰარლემ დესირმა რუს დეპუტატებს კანონზე ხელის აღებისკენ მოუწოდა.

დესირის თქმით, კანონპროექტი არამხოლოდ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უქმნის საფრთხეს, არამედ ნებისმიერ პირს, ვინც ინფორმაციას ავრცელებს, განსაკუთრებით კი, ინტერნეტში.

2012 წელს მიღებული კანონით რუს მაღალჩინოსნებს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანთა უფლებების ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას, შეუძლიათ უცხოეთის აგენტთა სიაში შეიყვანონ.

ამ სიაში მოხვედრილმა ჯგუფებმა რეგულარულად უნდა წარადგინონ თავიანთი დაფინანსების წყარო, თუ რაში ხარჯავენ ამ ფულს, ვინ არიან მათი მენეჯერები. 

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტთა" სიაში შეიყვანა.

ზაფხულში ალექსეი ნავალნი და სხვა რუსი ოპოზიციონერები მოსკოვში მიმდინარე აქციების დროს არაერთხელ დააპატიმრეს. 

კომენტარები