ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

მთავარი არხი

ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო.

"ისინი უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვეულებრივი დღის წესრიგით ვეღარ იმუშავებენ" - ამბობს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, საკრებულო მხოლოდ კალაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღმსრულებელი ორგანოა, თბილისის მერი კი "კომის ტბიდან დაგვცინის", შესაბამისად, სხდომათა დარბაზის კარებზე ბოქლომი იქნება მანამ, სანამ მის მოხსნას ძალისმიერი გზებით არ ეცდებიან.

"ქაჯეთის ციხეა. იმ კალაძისთვის ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ასეთ დროს, როცა ქვეყანაში უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია, კომოს ტბაზე ისვენებს თანამდებობის პირებთან ერთად და მეტიც, ცინიკურად გვეუბნება, რომ თურმე ნაძვის ხის შესამოწმებლად წაიყვანა როგორც ელექტრიკი არჩილ თალაკვაძე, ასევე წულაია, ენუქიძე და ა.შ დაგვცინის კომის ტბიდან კახი კალაძე. შესაბამისად, საკრებულოს სხდომათა დარბაზი ჩაკეტილია და ასე იქნება მანამ, სანამ ძალადობრივი გზებით არ შევლენ. ყველგან ექნებათ დისკომფორტი, სადაც ისინი გადაადგილდებიან", - თქვა ხაბეიშვილმა.

დღესვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს "ოცნების" მაჟორიტარის, მიხეილ ყაველაშვილის ოფისს.

ბოქლომის დადება სცადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სამაჟორიტარო ბიუროს ოფისის კარებზე, თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

ასევე, პოლიცია იყო მობილიზებული მამუკა მდინარაძის ბიუროსთან, სადაც აქტივისტებს ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბოქლომი დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს.

ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პროტესტის ნიშნად სახელმწიფო შენობებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ. გუშინ მათ ბოქლომი დაადეს კანცელარიის შენობას.

18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა.

რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, პროპორციული წესით.

კომენტარები