ბოქლომის დადება სახელმწიფო შენობებისთვის

აქტივისტებმა ბათუმის მერია მოატყუეს, რომ შენობას ბოქლომს დაადებდნენ, მობილიზებულია პოლიცია

აჭარის ტელევიზია

მერიის შენობასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის გარდა, მერიასთან ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, მუხრან ვახტანგაძე და 10-ზე მეტი სპორტსმენი იმყოფება. 

„ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის" წევრმა, გია ხალვაშმა აჭარის მედიას უთხრა, რომ მათ მერია მოატყუეს, შეატყობინეს, რომ შენობას ბოქლომს დაადებდნენ, თუმცა, აქცია არ ჩატარდა. 

მუხრან ვახტანგაძემ კი აჭარის ტელევიზიას უთხრა, რომ ის სპორტსმენებს ხვდება. 

ტელევიზიის ცნობით, თავად სპორტსმენები შეხვედრის მიზეზსა და დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მაშინ, როცა მუხრან ვახტანგაძე აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს ესაუბრებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა სიტყვა "დესტრუქცია"ახსენა. მას საუბარი მალევე გააწყვეტინეს.

ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პროტესტის ნიშნად სახელმწიფო შენობებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ. დღეს დილიდან ბოქლომი დაადეს ქართული ოცნების რამდენიმე მაჟორიტარის ოფისს თბილისსა და რეგიონებში, ასევე გუშინ ბოქლომი დაადეს კანცელარიის შენობას. 

18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა. 

რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, ე.წ გერმანული მოდელით. 

კომენტარები