დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთი სირიაში კონფლიქტისას დაობლებული ბრიტანელი ბავშვების დაბრუნებას იწყებს

Reuters

დიდი ბრიტანეთი სირიაში მიმდინარე კონფლიქტისას დაობლებული ბრიტანელი ბავშვების დაბრუნებას იწყებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა გააკეთა.

"ჩვენ მათ დაბრუნებას უზრუნველვყოფთ, რადგან ეს სწორი საქციელია. ახლა მათი კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული და ნორმალური ცხოვრებისათვის დაბრუნებაში უნდა დავეხმაროთ. უდანაშაულო ბავვები არასდროს უნდა გახდნენ ომის საშინელებების მსხვერპლი." თქვა მან.

მსგავსი ნაბიჯი უკვე გადადგეს საფრანგეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და ყაზახეთმა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Save The Children-ის ინფორმაციით, რომელსაც ჩრდილოეთ სირიაში ორი ცენტრი აქვს, სირიაში მდებარე ბანაკებში 60-მდე ბრიტანელი ბავშვია. მათი უმეტესობა დედებთან ერთადაა და მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, მათ შორის არ აქვთ სათანადო წვდომა სასმელ წყალზე და მედიკამენტებზე.

შეგახსენებთ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ თურქეთმა გამოაცხადა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავებული მებრძოლების და მათი ოჯახის წევრების სამშობლოში დაბრუნებას დაიწყებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ მოქალაქეობას ჩამოართმევენ.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ 102 ქვეყნიდან ე.წ. ისლამური სახლემწიფოს რიგებში საბრძოლველად ჩასული და შემდეგ დაკავებული 7,600 ადამიანი უკვე დაადეპორტეს და სამშობლოში დააბრუნეს.

კომენტარები