გიორგი კანდელაკი

კანდელაკი ამბობს, რომ 22 ნოემბრის დილით თბილისში თალაკვაძესთან ერთად ჩამოფრინდა

ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ 22 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში არჩილ თალაკვაძესთან ერთად ჩამოფრინდა.

ასე ეხმაურება კანდელაკი პარლამენტის თავმჯდომარის ვიდეო მიმართვას, სადაც მან მედია მიკერძოებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ არა დასასვენებლად, არამედ თავის კაბინეტში იმყოფება. 

"ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ?", - წერს დეპუტატი ფეისბუქზე.

აქვე, გიორგი კანდელაკი არჩილთალაკვაძეს მოუწოდებს გამოაქვეყნოს თავისი ბილეთი.

"რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ", - წერს კანდელაკი.

რამდენიმე მედიამ, მათ შორის ფორმულამ გუშინ 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მშვიდობიანი აქციის დარბევის, ხმაურიანი დაკავებებისა და აქციების ფონზე იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის წვეულებას ესწრებოდნენ. ინფორმაცია პარლამენტის წევრების იტალიაში ვიზიტის შესახებ თავდაპირველად ფეისბუქზე გავრცელდა.

დღეს, 22 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც ამბობს, რომ მის დასასვენებლად ყოფნასთან დაკავშირებით მედიამ "უკიდურესად პოლიტიზებული და მიკერძოებული სიუჟეტი" გაავრცელა და კომოს ტბაზე კიარა, თავის სამუშაო კაბინეტში იმყოფება. თუმცა, მას არ უსაუბრია იყო თუ არა იტალიაში წინა დღეს.

კომენტარები