უგულავა: გოგა გულორდავას ბიუროს კარს დაბოქლომების შიშით სახელური მოხსნეს

გიგი უგულვა

წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას ბიუროს ოფისს კარის სახელური აღარ აქვს.

ფოტოებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ავრცელებს და ამბობს, რომ მიზეზი "დაბოქლომების" შიშია.

ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პროტესტის ნიშნად სახელმწიფო შენობებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ.

დღეს მათ ბოქლომი დაადეს "ოცნების" მაჟორიტარის, მიხეილ ყაველაშვილის ოფისს.

ბოქლომის დადება სცადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სამაჟორიტარო ბიუროს ოფისის კარებზე, თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

ასევე, პოლიცია იყო მობილიზებული მამუკა მდინარაძის ბიუროსთან, სადაც აქტივისტებს ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბოქლომი დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს.

გუშინ მათ ბოქლომი დაადეს კანცელარიის შენობას.

18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა.

რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, პროპორციული წესით.

კომენტარები