პროპორციული საარჩევნო სისტემა

ღარიბაშვილი პროპორციულის ჩაგდება: ჩვეულებრივი, ნორმალური, საპარლამენტო პროცესია

www.facebook.com/GaribashviliOfficial

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, შეფასებით, პროცესები, რომელიც საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შედეგად მიმდინარეობს, "ბუნებრივია". 

ამის შესახებ ვაშინგტონში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი ღარიბაშვილი იმედსა და ფორმულას ესაუბრა. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება და, შესაბამისად, ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობის არშესრულება "ჩვეულებრივი, ნორმალური, საპარლამენტო მუშაობისთვის დამახასიათებელი პროცესია". 

"ამაში არაფერია გასაკვირი," - ამბობს ღარიბაშვილი.

მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა, "არახალი და ყველასთვის ცნობილია", თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმ დეპუტატების ნაწილმა, რომელმაც კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, თავადვე დაარეგისტრირა კანონპროექტი პარლამენტში. 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ შექმნილი ვითარება ამერიკელ პარტნიორებს "გულწრფელად" აუხსნა და რომ ხანდახან პროცესები არ ჩანს და "არ აღიქმება სწორად", მათ შორის მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან. 

"ექსპერტები ახსენეთ თქვენ. მე მათ სრული ინფორმაცია გადავეცი და ავუხსენი ეს მდგომარეობა. აბსოლუტურად გასაგებია,"- ამბობს მინისტრი.

ღარიბაშვილის თქმით, პრობლემები ყველგან არის და "იდეალური სისტემა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს". 

"ყველა ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ყველგან. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის უნდა შევადაროთ, რა იყო და რა გვაქვს,"- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას, ერთი მხრივ, სრულად ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება მოჰყვა. ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისადმი სამ მთავარ მოთხოვნაზე შეთანხმდა - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, რომელსაც დროებითი, ტექნიკური მთავრობა უხელმძღვანელებს. 

ქართული ოცნების ქმედებას დასავლელი ექსპერტებისა და დიპლომატების მკაცრი შეფასებები მოჰყვა. 

კომენტარები