ბოქლომის დადება

გოკა გაბაშვილმა საკრებულოს ტრიბუნაზე მიკროფონს სიმბოლურად ბოქლომი დაადო

გოკა გაბაშვილმა საკრებულოს ტრიბუნაზე მიკროფონს სიმბოლურად ბოქლომი დაადო

"ის ვითარება, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში, ალბათ აცნობიერებთ, რომ მთლიანად და თავიდან ბოლომდე არის თქვენი პოლიტიკური გუნდის და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა. იმის ნაცვლად, რომ შემდგომი 1 წელი ყოფილიყო მშვიდი, წყნარი და მაქსიმალურად დემოკრატიულ ვითარებაში პოლიტიკური პლურალიზმის წელი, პროცესები ქუჩაში გადმოიტანეთ. აღმაშფოთებელია, ბატონო გიორგი, როცა თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ადამიანების პროტესტი არის ღიმილისმომგვრელი. არაფერი ღიმილისმომგვრელი არ არის იმაში, რომ ადამიანებს აქვთ პროტესტი. თქვენ ასე ვერ ჩაატარებთ არჩევნებს. თუ გგონიათ, ყველა საარჩევნო უბანზე მიიყვანთ სპეცრაზმს, ძალიან ცდებით", - თქვა გაბაშვილმა. 

მის გამოსვლას საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. 

გაბაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზი დატოვა და საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. 

"ჩემი მიზანი იყო, მათ ენახათ სიმბოლურად პასუხისმგებლობის ის ნიშანი, რომელიც შექმნა ამ საპროტესტო მოძრაობამ. დაბოქლომდება ყველაფერი, დაბოქლომდება ამათი, როგორც ხელისუფლების, ნორმალური ფუნქციონირება", - თქვა მან. 

ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პროტესტის ნიშნად სახელმწიფო შენობებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ.

დღეს მათ ბოქლომი დაადეს "ოცნების" მაჟორიტარის, მიხეილ ყაველაშვილის ოფისს.

ბოქლომის დადება სცადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სამაჟორიტარო ბიუროს ოფისის კარებზე, თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

ასევე, პოლიცია იყო მობილიზებული მამუკა მდინარაძის ბიუროსთან, სადაც აქტივისტებს ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბოქლომი დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს.

გუშინ მათ ბოქლომი დაადეს კანცელარიის შენობას.

18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა.

რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, პროპორციული წესით.

კომენტარები