პროპორციული სისტემა

ზოიძე ოცნებას: პროპორციულზე 2020-ში გადასვლასთან დაკავშირებით ჩაატარეთ რეფერენდუმი

აიპრესი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთხოვს. მისი თქმით, შედეგები მმართველმა გუნდმა უპირობოდ უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ოცნების დეპუტატი პარლამენტიდან და პოლიტიკიდან წასვლას არ გამორიცხავს.

"მოვისმინე რა, უმრავლესობის ლიდერის, მორიგი საკმაოდ ხისტი განცხადება, ვხედავ რა დესტრუქციული ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, მაგრამ იმავდროულად, ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას ან იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ, 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად გააღრმავებს არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას. ეს უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარისთვის, პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები, უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება პრევენციას გაუკეთებს პოლარიზაციის შედგომ გაღრმავებას.

მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნების იმ წევრებს, რომელთაც გადაწყვიტეს, არ დაეჭირათ მხარი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლისთვის, 2020 წელსვე, რომ რეფერენდუმამდე თუ პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ, ჩვენთვის, და რაც მთავარია, ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები, მიუხედავად მეთოდისა, რა ჩატარდება, სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო იქნება ყველა ჩვენგანისთვის.

ხალხი ბრძენია, საზოგადოება პოლიტიკურად საკმარისად არის მომწიფებული... თუ ამ შეთავაზებას მიიღებენ, ეს იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო. მერე მიიღებენ, არ მიიღებენ, ამის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზოიძემ და აღნიშნა, რომ "ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცოდა პარტიის ხელმძღვანელობამ პოლიტიკიდან წასვლისა და პარლამენტის დატოვების შესახებ, მაგრამ მე ვხედავ ჩემს მიზანს და ამოცანას ამ ეტაპზე. მე ჩემს ადგილს ვხედავ იმაში, რომ გავიდე ხალხში, ჩავუდგე სათავეში და დავარწმუნოთ ყველა ადამიანი, რომ პროპორციულ არჩევნებს 2020 წელსვე დაუჭირონ მხარი“.

14 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. ერთ კვირაზე მეტია, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში. კვირას გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ გაათენა. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და 18 ნოემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, აიღო კარვები, თუმცა, ამის მიუხედავად, 18 და 19 ნოემბერს აქციები მაინც გაიმართა. ასევე, აქტივისტები აწყობენ სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულების პიკეტირებას. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მასშტაბურ აქციას გეგმავს 25 ნოემბერს. ისინი პარლამენტის პიკეტირებას ისევ აპირებენ, რათა სამშაბათს დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე შესვლის საშუალება არ მისცენ.

კომენტარები