უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ზაზა თავაძე თალაკვაძეს მიმართავს მისი კანდიდატურის განხილვა გადადოს

0 კომენტარი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს წერილით მიმართა და სთხოვა პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე მისი კანდიდატური განხილვა დროებით გადადოს.

თავაძე თხოვნის მიზეზად მისი მაგისტრის ხარისხის დადასტურებისათვის საჭირო პროცედურებს ასახელებს:

"ჩემ მიერ უკვე წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ მიღებული მაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ჩემი კანდიდატურა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კონკურსის ფარგლებში ჩემ მიერ მიღებული განათლება მოსამართლის კვალიფიკაციასთან შესაბამისად მიიჩნია ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. აღნიშნულის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალი სტატუსის გათვალისწინებით, მისი კვალიფიკაციის მიმართ თუნდაც მცირე ეჭვის არსებობამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, როგორც თავად ამ მოსამართლის, ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, უზენაესი სასამართლოს რეპუტაციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემ მიერ მიღებული განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მივმართო კანონით გათვალისწინებულ ყველა ლეგიტიმურ საშუალებას. განათლების აღიარებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენების რეკომენდაცია ასევე გაიცა საქართველოს სახალხო დამცველის/მისი წარმომადგენლის მიერ. იმედს ვიტოვებ, ჩემ მიერ მაგისტრის ხარისხის ფლობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურით დადასტურება, გააქრობს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს." ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ დიპლომზე კითხვის ნიშნები წარმოიშვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის, მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის შემთხვევაში.

შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში უწერია, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. 

გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს. 

თადუმაძემ თქვა, რომ მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც მისი დიპლომის ნამდვილობას ადასტურებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები