გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნეს

20 ივნისის აქციის დარბევიდან 5 თვის შემდეგ, გიორგი სულაშვილი, რომელმაც დარბევის დროს სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

უწყებამ ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი", - აღნიშნავენ უწყებაში.

რაც შეეხება სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, პროკურატურაში ამბობენ, რომ საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება "შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება" და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.

პროკურატურის ცნობითვე, 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება. უწყებაში ამბობენ, რომ გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოკვლეულია შესაბამისი ვიდეომასალა, დანიშნულია ექსპერტიზები.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას 4 თვე და 2 კვირაზე მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა მაკო გომურისთვის, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა. გომურს, ომარ სეხნიაშვილს და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად 11 ნოემბერს ცნეს.

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 5 მონაწილე.

კომენტარები