ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში საოლქო საბჭოების არჩევნებში რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა

EPA

ჰონგ-კონგში საოლქო საბჭოების არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა, აქციების პარალელურად, რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მიიღო.

ხმის მისაცემად 4.1 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც ჰონგ-კონგის მოსახლეობის ნახევარზე მეტია. ადგილობრივი დროით 19:30 საათზე არჩევანი 2.6 ადამიანს ჰქონდა დაფიქსირებული, ანუ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 63.65%-ს. შედარებისათვის 2015 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 37.12% იყო.

დემოკრატიის მომხრე ჯგუფებს იმედი აქვთ, რომ არჩევნების შედეგები ჩინეთის მთავრობისათვის გზავნილი იქნება. მათ მოსახლეობას მოუწოდეს ხელი არ შეუშალონ საარჩევნო პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 თვეა ჰონგ-კონგში აქციები უწყვეტად მიმდინარეობს, არჩევნების განმავლობაში რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

საოლქო საბჭოებში ადგილების მოპოვებით პრო-დემოკრატიულ ძალებს იმედი აქვთ, რომ ქალაქის ლიდერის არჩევაზე გავლენას მოახდენენ, ვინაიდან საბჭოების 117 წევრი იმ 1200 კაციანი კომიტეტის შემადგენლობაში იქნება, რომელიც ქალაქის შემდეგ ლიდერს აირჩევს.

452 ადგილზე 1,000-ზე მეტი კანდიდატია წარდგენილი. ამ დრომდე საბჭოებში უმრავლესობას ჩინეთის მომხრე პარტიები ფლობდნენ. ხმის დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე დაიწყება.

ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც ივნისში ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტს მოჰყვა, თუმცა მისი გაწვევის შემდეგაც არ შეწყვეტილა და ანტი-სამთავრობო და პრო-დემოკრატიულ გამოსვლებში გადაიზარდა.

კომენტარები