სამხრეთ ამერიკა

ბოლივიის კონგრესმა ევო მორალესს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

ევო მორალესი და პაპი
wsj.net

ბოლივიის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს პირებს, რომლებიც მიყოლებით ორი ვადით იკავებდნენ პრეზიდენტის პოსტს. ესეთი ერთადერთი კანდიდატი უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ევო მორალესია. 

მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის პოსტს 14 წლის განმავლობაში იკავებდა. კანონს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟანი ანიესმა. ბოლივიის საკანონმდებლო ორგანოს ტვიტერის გვერდზე ნათქვამია, რომ ქვეყანა ოფიციალურად გადავიდა გარდამავალ პერიოდში და დაიწყო მზადება ახალი საყოველთაო არჩევნებისთვის. 

არსებული ინფორმაციით, ანიესი კანონპროექტს ხელს ლა-პასის დროით 10 საათზე მოაწერს. რამდენიმე დღით ადრე ანიესმა განაცხადა, რომ იგი არ დაუჭერს მხარს კანონს, რომელიც მორალესისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოხსნას ითვალისწინებს. 

ევო მორალესმა თანამდებობა 10 ნოემბერს დატოვა. ბოლივიაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში მასობრივი დარღვევები და გაყალბები დაფიქსირდა. არჩევნებში გამოვლენილი დარღვევებზე საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. 

მალევე ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები და მღელვარება დაიწყო. რამდენიმე დღეში მორალესი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ამჟამად მორალესი მექსიკაში იმყოფება, თუმცა მან არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას კვლავაც მიიღებს. 

ამ დროისთვის უცნობია, ახალი საყოველთაო არჩევნების თარიღი. 

კომენტარები