ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის საოლქო საბჭოების არჩევნებში პრო-დემოკრატიული მოძრაობა დამაჯერებლად იმარჯვებს

GETTY IMAGES

დღეს ჰონგ-კონგში საოლქო საბჭოების არჩევნები გაიმართა. ამ დროისათვის 452-დან 160 ადგილის შედეგებია დათვლილი და მათგან 140 სწორედ დემოკრატიის მომხრე ძალებმა მოიპოვებს, ჩინეთის მომხრეებმა კი მხოლოდ 17.

არჩევნებში მონაწილეობა რეკორდული რაოდენობის მოქალაქემ მიიღო. აქტივობა 71%-ზე მეტი იყო. ხმის მისაცემად 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა. შედარებისთვის ბოლო მსგავს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 1.47-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო.

დემოკრატიის მომხრე ჯგუფებს იმედი აქვთ, რომ არჩევნების შედეგები ჩინეთის მთავრობისათვის გზავნილი იქნება. მათ მოსახლეობას მოუწოდეს ხელი არ შეეშალათ საარჩევნო პროცესისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 თვეა ჰონგ-კონგში აქციები უწყვეტად მიმდინარეობს, არჩევნების განმავლობაში რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

საოლქო საბჭოებში ადგილების მოპოვებით პრო-დემოკრატიულ ძალებს იმედი აქვთ, რომ ქალაქის ლიდერის არჩევაზე გავლენას მოახდენენ, ვინაიდან საბჭოების 117 წევრი იმ 1200 კაციანი კომიტეტის შემადგენლობაში იქნება, რომელიც ქალაქის შემდეგ ლიდერს აირჩევს.

452 ადგილზე 1,000-ზე მეტი კანდიდატი იყო წარდგენილი. ამ დრომდე საბჭოებში უმრავლესობას ჩინეთის მომხრე პარტიები ფლობდნენ.

ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც ივნისში ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტს მოჰყვა, თუმცა მისი გაწვევის შემდეგაც არ შეწყვეტილა და ანტი-სამთავრობო და პრო-დემოკრატიულ გამოსვლებში გადაიზარდა.

კომენტარები