ქართული ოცნება

კალაძე: კანდიდატებს არ დავაყენებთ იქ, სადაც ენმ-ის გარდა, სხვას ექნება გამარჯვების შანსი

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის, თქმით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანდიდატები არ დააყენოს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა" დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების "რეალური შანსი". 

კალაძე ამბობს, რომ შედეგად ქართული ოცნება მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს, თუმცა მას არ განუმარტავს კონკრეტულად კიდევ რომელ პარტიებს გულისხმობს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს გარდა, ვინაიდან "დანამატები" ქართული ოცნებისთვის საკმაოდ ფართო ცნებაა და შეიძლება, მოიცავდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. 

"გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და ადამიანებს, რადგან მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღო ხელისუფლების განხორციელების პროცესში,"- თქვა კალაძემ. 

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კალაძემ ასევე თქვა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თემა დახურულია. 

ის ასევე გამოეხმაურა დეპუტატ აკაკი ზოიძის ინციატივას პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლება საერთო-სახალხო კენჭისყრას ჩაატარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს. 

2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით 2017 წლის რედაქციით არის გაწერილი. 

კომენტარები