არჩევნები 2020

"ოცნებას" 2020-ის შემდეგ კონსტიტუციით გაწერილი პროპორციული სისტემის პლებისციტზე გატანა სურს

ტაბულა

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ხალხო საერთო სახალხო გამოკითხვით, ანუ პლებისციტით გადაწყდება, როგორ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ეს გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

"გუშინ და დღეს, გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი [მაჟორიატარიდ დეპუტატები] დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება" - თქვა კალაძემ ბრიფინგზე.

მისი ეს განცხადება ნიშნავს, რომ შესაძლოა კონსტიტუციაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს.

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის 2017 წლის რედაქციით, ქვეყანა 2024 წლიდან არჩევნების პროპორციულ წესზე გადადის.

2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას შეეხებოდა.

ამით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის 24 ივნისის დანაპირები, რომელიც მან 20-21 ივნისის მშვიდობიანი, ანტირუსული აქციის დაშლი, ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ გასცა და რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

პლებისციტი არის ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. 

კომენტარები