პროპორციული საარჩევნო სისტემა

საპარლამენტო თანამდებობებზე დაწინაურდნენ დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულს ხმა არ მისცეს

მას შემდეგ, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო ქართული ოცნების 12-მა წევრმა უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა, მმართველმა გუნდმა თანამდებობებზე ახალი პირები წარადგინა. 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება - მამუკა მდინარაძე ვიცესპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იქნება. მისივე თქმით, ვიცესპიკერის თანამდებობაზე ინაცვლებენ გიორგი კახიანი და კახა კუჭავა, გია ვოლსკი კი, რომელსაც ამ დრომდე ვიცესპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტები ეკავა, პირველი ვიცესპიკერი გახდება. 

რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს თამარ ხულორდავას ნაცვლად დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ერთერთი იყო მათ შორის, ვინც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 

კანონპროექტის წინააღმდეგ წასული კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილიც დაწინაურდა, რომელიც საპროცედურო კომიტეტს უხელმძღვანელებს. 

დეპუტატი ნინო წილოსანი ასევე ერთერთია იმ 37 დეპუტატს შორის, ვინც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ახლა ის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება. 

რაც შეეხება საგარეო საქმეთა კომიტეტს, მას სოფო ქაცარავას ნაცვლად, ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს, განათლების კომიტეტს კი - გენადი მაჭარაშვილი. 

ამასთან, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას რატი იონათამიშვილი დაიკავებს. 

"ჩვენ განვმართეთ კონსულატციები და საზოგადოებას ვუთხარით, რომ პარლამენტი და გუნდი სწრაფად გადაეწყობოდა ამ რეალობაზე, კომიტეტები და პარლამენტები გააგრძელებდა მუშაობას" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობის მიუხედავად, 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამას იმით ხსნის, რომ მაჟორიტარი დეპუტატები პროპორციულის წინააღმდეგ წავიდნენ და მან მათი დარწმუნება ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მათმა ნაწილმა, ვინც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო, თავად დაარეგისტრირა კანონპროექტი პარლამენტში. 

კომენტარები