რეკლამა

® ორიოდე სიტყვა ზრდასრულთა განათლებაზე… სამომავლოდ

0 კომენტარი

იყო დრო, როცა ზრდასრულთა განათლების ხსენებაზე აუცილებლად გკითხავდნენ, რას ნიშნავს და  რას სთავაზობს იგი ადამიანებს. მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განათლების იდეა, როგორც ზრდასრულთა განათლების საფუძველი, მართალია, კეთილშობილურად, მაგრამ ცოტა გაურკვევლად ჟღერდა, რადგან მისი მიწოდებისა და შემდეგ ცხოვრებაში რეალიზების შესაძლებლობებზე ნაკლებად იყო ცნობილი ჩვენში. 

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისმა ზრდასრულთა განათლების გამოცდილება 2000 წელს შემოიტანა გერმანიიდან და ზრდასრულ ადამიანებს შრომის ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობა პიროვნული განვითარების უნარებისა და სახელობო კურსების მიწოდებით შესთავაზა. აქცენტი, ძირითადად, რეგიონებზე გადაიტანა, სადაც განსაკუთრებით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სასურველი ცოდნის მიღების მწირი შესაძლებლობები იყო.

ეს შესაძლებლობა ევროკავშირის პროექტების ფარგლებში გახსნილმა ზრდასრულთა განათლების ცენტრებმა შექმნა, რომელთა დანიშნულება კონკრეტულ რეგიონებში ადგილობრივი გამოწვევებითა და მოსახლეობის ინტერესებით განისაზღვრებოდა. ასე გაიხსნა ზრდასრულთა განათლების პირველი ცენტრები სამცხე-ჯავახეთში (ახალციხესა და ახალქალაქში) 2006 წელს, ხოლო შემდეგ 2010-ში - ევროკავშირის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის ფარგლებში - სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში.  ჯვარის, სენაკის, შაუმიანისა და კოდის სათემო განათლების ცენტრები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას ახალ საცხოვრებელ ლოკაციებზე დამკვიდრებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციაში დაეხმარა და მალე მათთვისაც და ადგილობრივებისთვისაც მორალური და სოციალური მხარდაჭერის ნამდვილ "ოაზისებად", განათლებისა და ცივილიზაციის კერებად იქცა.

მას შემდეგ აქ ათი ათასობით დევნილმა და ადგილობრივმა გაიარა სხვადასხვა პროფილის სახელობო კურსები, განივითარა პიროვნული უნარები, შედეგად კი საკუთარი საქმე, მცირე ბიზნესი წამოიწყო და ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესა. ხოლო ზოგი მათგანი თავად გახდა ტრენერი და ახლა უკვე სხვებს სთავაზობს "მშობლიურ ცენტრში" ცოდნას, ცხოვრების იმედსა და სტიმულს. 

სწორედ ამ წარმატებებმა, კონკრეტულმა შედეგებმა და ევროკავშირის პროექტებში დაგროვილმა გამოცდილებამ DVV International-ის საქართველოს ოფისი ადგილებზე ცენტრების საჭიროებასა და ეფექტურობაში დაარწმუნა, რასაც მოჰყვა ახალი ცენტრები კახეთში, აჭარაში, გურიაში, რაჭაში, იმერეთში. დღეისათვის უკვე საქართველოს რვა რეგიონშია გახსნილი ზრდასრულთა განათლების 11 ცენტრი (ახალციხის, ახალქალაქის, ჯვარის, სენაკის, შაუმიანის, კოდის, ლელიანის, ქედის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ხარაგაულის), რომლებიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ, აქტიურად, ნაყოფიერად თანამშრომლობენ ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან. ისინი ახლა თავად არიან სხვადასხვა საინტერესო პროექტების ავტორებიცა და შემსულებლებიც და თავიანთი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ცენტრების ბენეფიციარების ჩართულობით, სოციალური საწარმოებიც გახსნეს. DVV International მათ პატრონაჟს, რა თქმა უნდა, კვლავაც აგრძელებს და მომავალში თითო ასეთი ცენტრის დაფუძნებას ქვეყნის ყველა რეგიონში გეგმავს, რათა ზრდასრულთა განათლების ძირითადი იდეის - მთელი სიცოცხლის მანძილზე უწყვეტი განათლების შესაძლებლობა ყველგან ჰქონდეთ ადამიანებს. 

ცენტრების უკეთ კოორდინირებისა და თანამშრომლობის მიზნით, გამოცდილებისა და რესურსების ურთიერთგაზიარებისთვის, 2014 წელს მათივე ინიციატივითა და DVV-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი GAEN შეიქმნა, რომელიც ევროპის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის EAEA წევრია. ცენტრების მხარდაჭერასა და ზრდასრულთა განათლების იდეის პოპულარიზაციას ქსელი არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებითაც ცდილობს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ არაფორმალური განათლების ამ მოდელის ხელშეწყობა ქვეყანაში კვლავაც უცხოელი დონორების კეთილი ნების იმედად რჩება, თუმცა ასეთივე ნება, სათანადო მხარდაჭერა და აღიარება მას სახელმწიფოსგანაც სჭირდება. საბედნიეროდ, სასიკეთო ცვლილებები ამ მიმართულებით ბოლო ხანს გამოიკვეთა - განათლების სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნა, რომელიც ზრდასრულთა განათლების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, მაგრამ ეს მხოლოდ საწყისი ნაბიჯებია. სასურველია, რომ ეს ნაბიჯები მომავალში კიდევ უფრო მტკიცე და აქტიური გახდეს, რათა ფორმალურმა და არაფორმალურმა განათლებამ, დღევანდელი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ერთიანი ძალისხმევითა და თანამშრომლობით მეტი არჩევანი და საგანამნათლებლო რესურსი შესთავაზონ ადამიანებს პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მისაღებად. ამ მხრივ ქართულ ზრდასრულთა განათლებას უკვე იმდენი შრომა აქვს გაწეული და იმხელა გამოცდილება და კონკრეტული შედეგები დაგროვილი, რომ მისი ხელშეწყობა სწორედ რომ სასიკეთოდ, რეალურად წაადგება საზოგადოებას. 

იმ რეგიონებში, სადაც დღეს DVV International-ის საქართველოს ოფისის მიერ შექმნილი სათემო ცენტრები არსებობს, აღარავინ გკითხავთ - რას ნიშნავს ზრდასრულთა განათლება ან რა სარგებელი მოაქვს მას ადამიანებისთვის, რადგან ეს სარგებელი მათ უკვე ნახეს და შეუძლიათ, წარმატების უამრავი მაგალითიც დაგისახელონ. ამ მაგალითებზე კონკრეტულად საუბრისთვის ჩვენი წერილის ფორმატი მცირეა, თორემ სათქმელი ნამდვილად ბევრია...                                                                           

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები