პროპორციული არჩევნები

შსს-ის ულტიმატუმი - პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30-წუთიანი ვადა მისცეს

ტაბულა

პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30-წუთიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს სპეცრაზმის გამოყვანას და აქციის დაშლას აპირებს. მათი განმარტებით, აქციის მონაწილეები გზას უკანონოდ კეტავენ, ამის გამო, დემონსტრანტები ტროტუარებზე გადადიან.

ათ საათზე მეტია, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ხვალინდელი პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებს. პოლიცია ამ დროის მანძილზე აქტივისტებს ტერიტორიაზე შეშის და ცეცხლის დასანთებად კასრების შეტანის უფლებას არ აძლევდა - ჩხრეკდნენ აქციის მონაწილეებს და ართმევდნენ შეშას და წალამს. გასათბობად დემონსტრანტები თამაშობდნენ და ცეკვავდნენ.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. 14 ნოემბრის შემდეგ, დემონსტრანტები ითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის სხდომების ჩაშლა გასულ კვირაშიც სცადეს. მათ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდეინეს და მეორე დილით დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. რამდენიმე საათში სპეცრაზმმა პიკეტი წყლის ჭავლით დაშალა, რა დროსაც, 37 ადამიანი დააკავეს. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები