26 ნოემბერის აქციის დაშლა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მუშაობს, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომის დასაწყისისას საპარლამენტო ოპოზიციასა და ხალხს მიმართა.

ბიუროს სხდომა აქციის პარალელურად მიმდინარეობს - პარლამენტთან აქციის მონაწილეები ახლაც არის შეკრებილები და ცდილობენ დეპუტატები შენობაში არ შეუშვან.

"მინდა ვისარგებლო დღევანდელი სხდომით და მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს. მე ასევე მინდა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ პარლამენტი მუშაობს, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას. პარლამენტს აქვს მისაღები 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის, მთელი ქვეყნის ინტერესებშია და რათქმაუნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა კანონდებლობის ფარგლებში ისე, ვისაც სურს გამოხატოს პროტესტი, ეს უფლება იქნება დაცული, მაგრამ მეორე მხრივ იმ მოქალაქეების ინტერესიც, ვინც ელოდება რომ ქვეყანა აგრძელებს ნორმალურად ფუნქციონირებას, იქნება განუხრელად დაცული", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელელი სამართალდამცველებს აქვთ ჩაკეტილი. ამ შესასავლელებთან ასევე დგანან აქციის მონაწილეები, რომლებიც ცდილობენ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

კომენტარები