პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბაქრაძე: აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება და ქვეყანაში სამართლიანი რიგგარერშე არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება.

ბაქრაძის თქმით, გზა, რომ ეს მოხდეს არის ე.წ. გერმანული მოდელი - "ესაა მოდელი, რომელსაც 76 ხმა სჭირდება და რომელიც შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ძალიან სწრაფად, ინიცირებიდან 3 კვირაში. ანუ, დეკემბრის ბოლოს უკვე შესაძლებელია გვქონდეს გერმანული მოდელზე დაფუძნებული სამართლიანი საარჩევნო სისტემა", - უთხრა ტაბულას დავით ბაქრაძემ.

თუ ხალხის და ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ბაქრაძის თქმით, აქციები შეწყდება.

"ცხადია, თუ ხალხი და ოპოზიცია მიიღებს იმას, რასაც ითხოვს, რა თქმა უნდა აღარ ვაპირებთ არც ქუჩაში აქციების გაგრძელებას და ჩვენი მიზანი იქნებ უკვე ამ სამართლიანი სისტემით ხელისუფლების პოლიტიკურად დამარცხება", - ამბობს დავით ბაქრაძე.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს პარლამენტს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმის გამოყენებით მოხსნა და 37 ადამიანი დააკავა. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან ანტირუსული მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლის და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ გასცა.

 

კომენტარები