25 ნოემბრის აქციის დაშლა

მდინარაძე: ამ დღეებში პოლიციამ დანერგა პრინციპი - იყო ერთდროულად ძლიერი და ჰუმანური

მამუკა მდინარაძე
საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დემონსტრაციების ძალის გამოყენებით დაშლისას პოლიციამ ერთდროულად გამოიჩინა ძალა და ჰუმანურობა:

"ამ დღეებში გამოჩნდა პოლიციის მოქმედებებში, რომ ერთდროულად შეიძლება იყო ძლიერი და ამავდროულად, შეიძლება იყო ჰუმანური. აი, ეს პრინციპი დანერგა ქართულმა პოლიციამ თავიანთი მოქმედებებით." - ამბობს მდინარაძე.

აქციაზე, რომლის დარბევაც დილის 5 საათზე დაიწყო, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. ამ დროისათვის ტემპერატურა -1 გრადუსს შეადგენდა.

წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ზაზა ლიპარტიას.

"იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, მეგონა "დუბინკა" [ხელკეტი] ჩამარტყეს, მერე გავიგე რომ წყლის ჭავლი იყო," - ამბობს დაზარალებული ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოფიციალური ინფორმაცით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. 

აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

კომენტარები