საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი აქციის პარალელურად სალობიეში ვახშმობაზე: არაფერი საკომენტარო სამწუხაროდ არ არის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებს გუშინდელ ინციდენტზე, როდესაც სალობიე ბიაში ვახშმობისას, მას აქცია მოუწყვეს. პრეზიდენტი მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობიეში, საპროტესტო კერასთან ახლოს და დემონსტრაციების პარალელურად, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა სალობიე ბია სკანდირების ფონზე დატოვა, მან სირცხვილის დერეფანი გაიარა. "მონა, მონა" - ამ შეძახილებით გააცილეს ის რესტორნიდან.

სალომე ზურაბიშვილის სალობიედან გასაყვანად ათობით პოლიციელი მობილიზდა. პრეზიდენტის გასაყვანად მისულმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"არაფერი საკომენტარო სამწუხაროდ არ არის" - უთხრა ზურაბიშვილმა მის სახლთან მისულ რუსთავი ორის გადამღებ ჯგუფს.

პრეზიდენტის სალობიე ბიაში მისვლას დაწესებულების მფლობელი გიორგი იოსავა გამოეხმაურა. მან აქციის მონაწილეებს სრული სოლიდარობა გამოუცხადა. 

"გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე "ბია"-ს ესტუმრა სალომე "ბუა". სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს" - წერს გიორგი იოსავა Facebook-ზე.

გარდა ამისა, პრაიმტაიმთან საუბარში ბიას მფლობელი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალობიეში პირველად იმყოფებოდა.

"ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მაინცდამაინც დღეს მოვიდა, როცა ამხელა აქცია იყო. დაახლოებით ერთ კილომეტრში ათასობით ადამიანი აქციაზე იმყოფება. ასეთ დროს, პრეზიდენტის ადგილი კვების ობიექტში არ არის. ჩვენ არ გვაქვს ე.წ.ფეისკონტროლი. ჩვენი ერთადერთი ფეისკონტროლი სტიკერია, რომელსაც "რუსეთი ოკუპანტია“ აწერია. იმედია, ჩვენი პრეზიდენტი ამას ეთანხმება. სამწუხაროდ, მე არ ვიყავი ადგილზე, სხვანაირად დავარეგულირებდი ამ ყველაფერს“ - უთხრა გიორგი იოსავამ პრაიმტაიმს.

კომენტარები