გერმანიის ქალაქ დრეზდენის მუზეუმი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, 25 ნოემბერს მოხდა. მუზეუმის მახლობლად ელექტროენერგიის გამანაწილებელ პუნქტზე ხანძრის გამო მუზეუმის სიგნალიზაციის სისტემა გამოირთო, რა დროსაც ორმა პირმა მეთვრამეტე საუკუნის ძვირფასეულობა გაიტაცა.
მიუხედავად ელექტროენერგიის გათიშვისა, ისინი დრეზდენის სასახლის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, მათ გაქცევა მოახერხეს.
ქალაქში იპოვეს დამწვარი მანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, გასაქცევად გამოიყენეს. ამჟამად პოლიციას ქალაქიდან გასასვლელი ქუჩები დაბლოკილი აქვს და ჩხრეკას ატარებს.
გავრცელდა მოპარული ძვირფასეულობის სურათები. მათი ღირებულება რამდენიმე მილიონ ევროს აღწევს. ნივთების უმეტესობა საქსონიის მეფის, ფრიდრიხ ავგუსტ მესამის დროსაა დამზადებული. მათ შორის არის ბრილიანტებით მოჭედილი ხმალი და ქარქაში, მარგალიტის ყელსაბამი და სხვა სამკაულები.