გერმანული მოდელი

მდინარაძე: ერთი ვარიანტია, ყველა გაგიჟდა და გერმანული მოდელი კონსტიტუციის შესაბამისი გონიათ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან მოდის შეუსაბამობაში. მდინარაძე ამბობს, რომ ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ან ყველა გაგიჟდა, ან უბრალოდ სპეციალურად აკეთებენ ამას. 

"თუ გერმანულ მოდელს მივიღებთ, ნიშნავს, რომ 150-ვე მანდატი უნდა იყოს პროპორციულად განაწილებადი და მათ შორის შეიძლება პერსონიფიცირება და მოქმედ კონსტიტუციაში წერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება მხოლოდ პროპორციული წესით. გვთავაზობენ დავეთანხმოთ ამ "იურიდიულ ლოგიკას" და არითმეტიკას, რომ 77 უდრის 150-ს . შეუძლებელია, სისულელეა და არ შეიძლება იურისტმა ასეთი სისულელე თქვას," - ამბობს მდინარაძე. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ გამოცდილი კონსტიტუციონალისტები გერმანულ მოდელსა და კონსტიტუციას შორის შეუსაბამობას ვერ ხედავენ, მდინარაძე პასუხობს, - "ერთი ვარიანტია, რომ ყველა გაგიჟდა გერმანული მოდელი ჰგონიათ შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან და ეს დააჯერეს ერთმანეთს და სიგიჟეში არიან გადავარდნილები, მეორე  - ზუსტად იციან, რომ გერმანული და მისი მსგავსი მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას და სპეციალურად აკეთებენ, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი, რასაც ვერ ახერხებენ."

იმაზე, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში არ მოდის შეთანხმდენენ, ოპოზიციური პარტიები, აქტივისტები, სამოქალაქო სექტორი, გამოცდილი კონსტიტუციონალისტები, შეუსაბამობას მხოლოდ ქართული ოცნების წევრები ხედავენ. 

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები