ბოკერია: ეროვნული ამოცანა, ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდეს, ყველა პარტიას აერთიანებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრი სრულად ერთსულოვანია იმ ამოცანებში, რაც მათ პირველივე დღესვე დაისახეს. 

ბოკერიას თქმით, შესაძლოა, იყოს განსხვავებული შეხედულებები ტაქტიკასთან მიმართებით, თუმცა ამოცანა ერთიანია. 

"ეს ეროვნული ამოცანა, რომელიც ფასეულობებით განსხვავებულ ჯგუფებსაც კი აერთიანებს, მართლა უნიკალურია,"- თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის თქმით, პირველი ამოცანა, რაც ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ, ისაა, რომ ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, შეასრულს პირობა, რომელიც მან გავრილოვის ღამით დაღვრილი სისხლის საპასუხოდ დადო. 

"სხდომა ხვალ გააუქმეს, ყველა კომიტეტიც. ხვალ უნდათ, რომ დაისვენონ და ზეგ უნდათ სხდომა. ზეგაც ექნებათ ამა თუ იმ ფორმით ზუსტად იმ ტიპის პოლიტიკური წნეხი, რაც ჰქონდათ,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატი ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე მასშტაბური აქციაც დაიგეგმა, რომლის თარიღიც კვირის ბოლომდე, პარასკევს ან შაბათს გამოცხადდება. 

ბოკერიას თქმით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რომ მთელი იმ შეურაცხყოფის მიუხედავად, რომელიც ქართველ ამომრჩეველს მიაყენა, უკან წაიღოს შეურაცხყოფა. 

"თუ პროცესები ასე განვითარდა, მერე შეიძლება, ეს რესურსი არ ჰქონდეთ,"- ამბობს ბოკერია. 

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, სრულიად ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სამი მთავარი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა - დროებითმა მთავრობამ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო სისტემით. 

ოპოზიცია ამ მიზნის მიღწევას წერტილოვანი დარტყმებითა და აქციებით ცდილობს. 17 და 25 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება შეძლეს, რადგან იქ ქართული ოცნების დეპუტატები არ შესულიყვნენ, თუმცა ორივე შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმმა ისინი წყლის ჭავლებით დაარბია. პირველი შემთხვევის დროს 37 ადამიანი დააკავეს, მეორედ - 28.

კომენტარები